Our Publications

რას უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ახალი ენერგოპოლიტიკა?

ნავთობზე და გაზზე ფასების კატასტროფული მატება ენერგოპოლიტიკის არსებით გადახედვას ითხოვს. ქვეყანამ ელექტროენერგია უნდა აღიაროს პრიორიტეტ ენერგომატარებლად თვით გათბობისა და ტრანსპორტირების საკითხშიც.

ხელისუფლებასაც ესმის, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს გარეენერგომატარებლების წილი ერთიან ენერგომოხმარებაში, თუმცა ამისათვის ადექვატურად არ ირჯება.

ხელისუფლებამ თურქებს აჭარაში მისცა შვიდი ჰესის აშენების უფლება და ამაში მხოლოდ ზამთარში გენერირებული ელექტროენერგიის 40%-ის საქართველოს ბაზარზე რეალიზაცია მოითხოვა, დანარჩენს თურქები სადაც უნდათ იქ გაიტანენ. აშკარაა, ხელისუფლება ქვეყნის მთელ ჰიდროენერგო პოტენციალს ამ პრინციპით გაანიავებს - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სწორედ ზამთარშია დეფიციტური, არაფრის მომტანია ზამთარში ჰესის მიერ გენერირებულის 40%-ის ადგილობრივ ბაზარზე დატოვება. მაგროვებელი ჰესებიც კი ზამთარში, წყალმარჩხობის პერიოდში, ჩამონადენის სიმცირის გამო, თითქმის არაფერს გამოიმუშავებენ, ამდენად თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი ზამთარში ჰესის გამომუშავებულის 40%-ის საქართველოში დატოვება. ექსპორტზე გაყიდულ ელექტროენერგიაში კი საქართველო რეალურად არაფერს მიიღებს – ექსპორტიორი დღგ-ს არ გადაიხდის, მოგებას კი არც აჩვენებს, ელექტროენერგიაზე ექსპორტის აქციზი კი არ გვაქვს დაწესებული. ჰიდრორესურსი ქვეყნისთვის გაცილებით მომგებიანი პირობებით შეიძლება გაიცეს! ამის საფუძველია პირველ რიგში გაზზე და ნავთობზე ფასების კოლოსალური ზრდა და შესაბამისი რესურსების უახლოეს ათწლეულებში ამოწურვადობა, ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა-გაციების, თუ გამწევი მანქანა-დანადგარების ახალი ეფექტური ტექნოლოგიები. უკვე დღეს არსებული ფასებით ახლად შექმნილი ჰიდრორესურსით გენერირებული ელექტროენერგიის გამოყენება გაზზე და ნავთბზე ეფექტურია. ელექტროენერგიის გადაცემის უსასრულო სიჩქარე გლობალური ელექტროქსელით შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა თითქმის დაუკარგავად გამოიყენო მთელი ჰიდროპოტენცია მოცულობითი მაგროვებელი კაშხლების გარეშეც კი. ქვეყანამ ორიენტაცია უნდა აიღოს არა დიდი დაგროვებადი პოტენციის ელექტროსისტემის შექმნისაკენ, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით გლობალურ ქსელებში ინტეგრაციისაკენ. დიდ ინვესტიციებთან დაკავშირებული მოცულობითი წყალსაცავების შექმნის აუცილებლობა იხსნება, რადგან მეზობელ ქვეყნებთან ინტეგრაცია იძლევა საქართველოში პიკური გენერაციის (წყალჭარბიანობის პერიოდი) გარე ბაზრებზე მიწოდების შეუზღუდავ შესაძლებლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰიდროენერგო რესურსი 100% იანი ეფექტურობით შეიძლება რეალიზდეს მაქსიმალურ ფასად მიუხედავად მისი მომენტალური სიდიდისა.

რა პირობებით უნდა გაიცეს ქვეყნის ჰიდროენერგო რესურსი? იგი უნდა გაიცეს იმის ანალოგიურად, როგორი პირობებითაც გაიცემა ნავთობისა და გაზის მოძიებული საბადოს ექსპლუატაციისა და რეალიზაციის უფლება.

ქვეყანამ მისი წილი ელექტროენერგია ექსპორტზე მხოლოდ ბარტერით უნდა გაცვალოს ისევ ელექტროენერგიაზე!

ქვეყანამ გაზის ქსელების გაფართოების ნაცვლად ელექტოსისტემის დახვეწისკენ უნდა აიღოს ორიენტაცია, რაც პირველ რიგში მის გამტარუნარიონობის, მდგრადობისა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას გულისხმობს. გაზზე დამოკიდებულება ქვეყვანამ უნდა შეამციროს. გაზი ძალზე ძვირი, ხვალ კიდევ უფრო ძვირი იქნება, ზეგ კი საერთოდ ამოიწურება. მოცულობითი ინვესტიციები გაზის სექტორში არასწორი იქნება იმიტომაც, რომ უკვე დღეს არსებული ტექნოლოგიები გაზის გათბობის ეფექტურ საშუალებად პრიორიტეტულობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს. შახდენიზიდან ზაფხულში მიღებული ჭარბი გაზის საცავში დაგროვება სწორი გადაწყვეტილება არ არის. გაზის საცავის დანაკარგები, ექსპლუატაციის ხარჯები და მის შესაქმნელად საჭირო სახსრები არაადექვატური იქნება იმ ეფექტთან შედარებით, რაც შეიძლება მიღებულ იქნეს ჭარბი გაზის რეალიზაციით ან ქიმიურ მრეწველობაში გამოყენებით. ქვეყნის შიდა სატრანსპორტო გადაზიდვებში უფრო და უფრო მზარდი წილი ელექტრომობილებმა უნდა დაიკავოს. რაც პირველ რიგში გულისხმობს ელექტრომატარებლებისა და მეტროს როლის გაზრდას. ამისათვის საჭიროა სწორი სატარიფო პოლიტიკა როგორც გადაზიდვების ტარიფებში ასევე ელექტროენერგიის ტარიფებში.

ელექტროენერგიის გენერაცია უნდა დისტანცირდეს გამანაწილებელი კომპანიისგან, რაც იმას გულისხმობს, რომ ელექტროენერგიის განაწილება თუ მოხმარება და გენერაცია ერთის ხელში არ უნდა იყოს. გამანაწილებელ კომპანიებს თუ სხვა დიდ მომხმარებელ კომპანიებს, როგორიცაა ფერო, ჭიათურმარგანეცი, რკინიგზა და სხვა უამრავი პირდაპირი მომხმარებელი, უნდა ჩამოერთვათ გენერაციის ობიექტები.

ელექტროენერგიის ტარიფები ჯანსაღად უნდა სტრუქტურირდეს. რაც იმას გულისხმობს, რომ გენერაციის წილი სამომხმარებლო ტარიფში უნდა გაიზარდოს, ხოლო განაწილების ტარიფი შემცირდეს. სამომხმარებლო ტარიფი უნდა შემცირდეს და იგი 10 თეთრის ფარგლებში უნდა დაფიქსირდეს!

კომუნალური აღრიცხვა უმოკლეს ვადაში უნდა შეიცვალოს ინდივიდუალური აღრიცხვით.

ქვეყანამ უნდა მიიღოს ენერგოდაზოგვითი მშენებლობისა თუ ყოფაცხოვრების სტანდარტები!

მომავალი ელექტროენერგიისაა

ენერგომატარებლებზე - გაზზე და ნავთობზე ფასების კატასტროფული ზრდა ქვეყნებს აიძულებს მზერა საკუთარი რესურსებისკენ გადაიტანოს. ჩვენ კი, ისევ ძველი შეხედულებებით გაზის სისტემებს ვაფართოვებთ, ჰიდროენერგორესურსს კი ჩალის ფასად სხვებს ვუგდებთ ხელში. უკვე დროა დავინახოთ, რომ თვით გათბობისთვისაც კი ელექტროენერგიაზე დაფუძნებული სისტემების გამოყენება უფრო პერსპექტიულია ვიდრე გაზის გამათბობლების. ეგრეთწოდებული “სითბური ნასოსები”, რომელთა ნაირსახეობასაც წარმოადგენს სპლიტ კონდიციონერები (ნცობილი “ზიმა-ლეტას” სახელწოდებით) გათბობა-გაციებას კომპრესია-გაფართოების, სახლიდან გარეთ და გარედან (ჰაერიდან, გრუნტიდან, წყალსატევებიდან) სახლში ენერგიის გადაცემით ახდენს, რაც საშუალებას იძლევა გახარჯულ ელექტრონერგიაზე მეტი ეფექტური ენერგია იქნეს მიღებული, თუ გამოყენებული. არსებობს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების (ტოშიბა, მიცუბიში და სხვა.) მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი სპლიტ კონდიციონერები, რომლებიც იძლევა ოთხმაგ ეფექტურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი რეალურად გახარჯული 1 კვტ-იდან 4 კვტი სითბო მიიღება. არსებული გაზის გამათბობლები კი, პირიქით, იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ეფექტურ სითბოს გვაძლევენ ოთახში, ვიდრე გახარჯული გაზის წვის სითბოშემცველობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ დამწვარი გაზის არსებითი ნაწილი გარეთ, ჰაერში იკარგება. 1 კუბამეტრი ბუნებრივი გაზის წვის ენერგია კილოვატებში შეადგენს 8,83 კვტ-ს. თუ ჩვენ გაზის გამათბობლის მაგივრად გამოვიყენებთ თანამედროვე “ზიმა-ლეტას” ოთახის გასათბობად, რეალური ფულადი ხარჯი 3/5-ჯერ ნაკლები იქნება. ჩვენ ეს გამოთვლები ჩავატარეთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დღეს არსებული საცალო ფასების საფუძველზე. თუ ჩვენ საცალო ფასებს კი არა, არამედ საბითუმო ფასებს ავიღებთ, “ზიმა-ლეტას” აღნიშნული სისტემით გათბობა 5 ჯერ ეფექტური გამოდის. გაზის დღევანდელი საბითუმო ფასი 1 მკბ-ზე 35 თეთრის ფარგლებშია, ელექტროენერგიის საბითუმო ფასი კი 1კვტ-ზე 3.5 თეთრის ფარგლებში.

ჩვენ, სხვა უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, ელექტროენერგიას ძირითადად ჰიდრორესურსებისგან ვიღებთ. სხვა მეზობლები, როგორც წესი, გაზს წვავენ ელექტროენერგიის მისაღებად. ღმერთმა მოგვცა ეს სიმდიდრე და ჩვენც იგი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა გავანიავოთ ისე, როგორც ამას ვაკეთებთ. ჩვენ ჩვენს ჰიდროელექტრორესურსს ჩალის ფასად სხვას ვაძლევთ, ხოლო ჩვენ მოსახლეობას ვაიძულებთ გათბნენ ძვირი, ხვალ კიდევ უფრო ძვირი, იმპორტული გაზით. იმის მაგივრად, რომ მოსახლეობის გათბობის სტრატეგია კარდინალურად შევცვალოთ, გადავიყვანოთ იგი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ქართულ ენერგომატარებლებზე, ჩვენ ისევ ძველ სტრატეგიას მივყვებით – გაზის ქსელებს ვაფართოვებთ, გაზის გამათბობელ სისტემებს ვნერგავთ, ჰიდროენერგო რესურსს კი ვანიავებთ, უცხოელებს თუ კერძო პირებს ჩალის ფასად ვუგდებთ ხელში. დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ!